მშვიდობით მაესტრო!
უდიდესია წუხილი გამოწვეული ნიკოლოზ ედგარიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება სავსე იყო საამურ-უამური ეპიზოდებით. არსთა გამრიგემ უხვად დააბერტყა ნიჭი მუსიკისა და ხელოვნების შეცნობისა. ამასთან უზომოდ უყვარდა ლიტერატურა. კაცი-ორკესტრი- ყველა ინსტრუმენტზე დაკვრას უბადლოდ ახერხებდა. თუმც საშუალო განათლება სხვა სკოლაში მიიღო, მისი ცხოვრება ორგანულად იყო დაკავშირებული იოსებ ოცხელის სკოლასთან. მისი გვარის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე საზოგადოების ნაწილი „ედიკას“ ეძახდა, არა ნაკლებ ხიბლავდა მიმართვა „ბატონო ნიკოლოზ“, მაგრამ ორგანულად ერწყმოდა მიმართვა „მაესტრო“.
ოცხელის სკოლაში მთელი თაობები აღიზარდა „მაესტროს“ ხელმძღვანელობით. მისი ახირებული სიარული იმოდენ კოლორიტს აფრქვევდა ირგვლივ, რომ გული სიამაყით გვევსებოდა მასთან სიახლოვით.
ბედისწერამ ახლაც უმუხთლა, არ დაგვცალდა ორი დიდი კორიფეს იუბილე გვეზეიმა (დიდი კოტე ფარულავას 100 წელი და ცოცხალი „ედიკას“ 70 წლისთავი.)
ვაგლახ, ამ ტკბილ-მწარე წუთისოფლიდან ბევრმეერთე სევდაც დაგვიტოვე.
ოცხელის სკოლა კვლავაც დააგუგუნებს შენს მიერ დაწერილ „გიმნაზიის ჰიმნს“.
მშვიდობით მაესტრო!
იოსებ ოცხელის საზოგადოება.